- Kedari Ventures
Future Agro Challenge Georgia 2021 დაიწყო
3 დეკემბერს, "სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით", "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა" და "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით", Future Agro Challenge Georgia-ს 2021 წლის ღონისძიებების სერია დაიწყო.
Future Agro Challenge საერთაშორისო შეჯიბრია, რომლელიც მიზნად ისახავს სტარტაპების, ინოვატორების, „აგროპრენერების”, ფერმერების, მეწარმეების, აგროტექნოლოგების, აგროტურიზმითა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირების მხარდაჭერასა და გაძლიერებას. ღონისძიება თავს უყრის აგრო-ეკოსისტემის მონაწილეებს მსოფლიო მასშტაბით გლობალური თანამშრომლობის ხელშესაწყობად, დაფინანსებადი საკვების, აგროტექნოლოგიების, აგროტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში ინოვაციების აღმოსწაჩენად.
მესამე წელია, სტარტაპ ბიუროსა და მისი პარტნიორების ინიციატივით Future Agro Challenge საქართველოშიც ტარდება. წელს ის ტექნოპარკში 3, 4 და 5 დეკემბერს გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორია "აგრო სოლუშენსი" გენერალური პარტნიორები კი არიან საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და "ლიბერთი ბანკი". მხარდამჭერები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, DataFest Tbilisi, Sarajishvili, ისრაელის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (MASHAV) და UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორია.
მონაწილეობის მიღების მსურველების განაცხადები 29 ნოემბერის ჩათვლით შეეძლოთ წარედგინათ. გადარჩეულ კანდიდატებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ 3-5 დეკემბერს ბუთქემფში (ინტენსიურ ტრენინგ-პროგრამაში) ან პირდაპირ წარადგინონ თავიანთი პროექტები ჟიურის წინაშე 5 დეკემბერს. მონაწილეებს შორის ეროვნული გამარჯვებული - „წლის აგროპრენერი“ - გამოვლინდება.
ეროვნული გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს, 2000 ლარის ოდენობით (საქართველოს ფერმერთა ასოციაციისგან), და წვდომას მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან FAC Global Championship-ზე, უმთავრეს გლობალურ აგროპრენერულ სამიტზე, რომელიც ჩატარდება საბერძნეთში, 2022 წელს.
„ჩვენი დიდი სურვილია, სტარტაპ ეკოსისტემაში გამოჩნდეს მეტი ახალი აგროსტარტაპი, რომლებსაც ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით სამომავლო განვითარებასა და წარმატების მიღწევაში. Future Agro Challenge არის პროექტი, რომლითაც ახალ ტალანტებს აღმოვაჩენთ ყოველწლიურად და მათ მსოფლიოს გავაცნობთ“, - ამბობს სტარტაპ ბიუროს თანადამფუძნებელი და Future Agro Challenge Georgia-ს თანაორგანიზატორი გური ქოიავა.
აგრო სოლუშენსის კომერციული დირექტორის და Future Agro Challenge Georgia-ს თანაორგანიზატორის ირაკლი ჩიქავას განცხადებით, მდგრადი სოფლის მეურნეობა მთელს მსოფლიოში თანამედროვე ტექნოლოგიებზე დგას.
„მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ მდგრადი სოფლის მეურნეობა თანამედროვე ტექნოლოგიებზე დგას. Future Agro Challenge სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც აღმოაჩენს, თავს უყრის და აძლიერებს ახალგაზრდების მოტივაციას, რომ ინოვაციების მეშვეობით გადიჭრას მიმდინარე და სამომავლო გამოწვევები“, - ამბობს აგრო სოლუშენსის კომერციული დირექტორი და Future Agro Challenge Georgia-ს თანაორგანიზატორი ირაკლი ჩიქავა.
Future Agro Challenge წელსაც უმასპინძლებს საერთაშორისო სპიკერებს, რომლებიც ევროპის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები არიან და ონლაინ რეჟიმში ისაუბრებენ მსოფლიოს ყველაზე მწვავე საფრთხეებზე, გამოწვევებზე და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე შემდეგი მიმართულებებით:
ფერმის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა და მისი პრაქტიკული გამოყენება სოფლის მეურნეობაში
სენსორები და მათი მნიშვნელობა თანამედროვე სოფლის მეურნეობაში
წყლის და მიწის რესურსები: მათი დეფიციტი და თანამედროვე გამოსავლის გზები მათი ოპტიმალური მოხმარებისთვის
ურბანული მეურნეობა - საკვების წარმოების მომავალი?
საკვები ნარჩენები და მოსავლის აღების ტექნოლოგიები
Future Agro Challenge Georgia შემდეგ კატეგორიებში გაიმართება: კვების ტექნოლოგიები, აგროტექნოლოგიები (რობოტიკა, დრონები და ა.შ. აგრომეტყევეობა და მეცხოველეობა, საკვები/სასმელი (პროდუქტი/საცალო ვაჭრობა), კვების ხელმისაწვდომობა და მდგრადობა, საკვები ნარჩენები, ნუტრიცია და ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, შეფუთვა და ლოგისტიკა, აგროგანათლება, აგროტურიზმი, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება & დამუშავება.